воскресенье, 23 августа 2009 г.

ილია ჭავჭავაძის და ჯო ბაიდენის ფონზე… / On background Ilia Chavchavadze and Joe Biden…

-->

-->
-->

)(
რა თქმა უნდა, ეს ამონარიდი ფსიქიატრიის განმარტებითი ლექსიკონიდან გახლავთ.
ბევრს განუცდია სიმპტომთა ტრიადის უცაბედი შემოტევა; გუნება-განწყობის აწევა, ასოციაციების მოზღვავება და აჩქარება, მოქმედებაში გაუთვითცნობიერებელი სიფიცხის გამოვლინება, ანუ ფსიქიკის სფეროს თანაბარი აგზნება. ხშირად ეს იწყება ახალგაზრდულ ასაკში… ასევე ხშირად, შეტევები ვითარდება ინვოლუციურ ასაკში, ანუ მოხუცებულობის წინა პერიოდში. სულიერი ფონის მსგავსი დარღვევა შესაძლოა განვითარდეს, რაიმე საბაბის მიზეზით… უმეტესად მიმდინარეობს დეპრესიული ფაზით.
დეპრესია კი დეპრესიაა… თუმც თავად დეპრესია ამგვარად გამოიხატება, _ გუნება-განწყობა დაწეულია, ადამიანი დაბეჩავებული და ყოველგვარ ინტერესს მოკლებულია… მან შესაძლოა გვერდით მყოფი, მისდამი ერთგული ადამიანიც დააბეჩაოს, შესაძლოა ნერვოზი შესძინოს… სულიერი ცხოვრების ჯანსაღი რიტმი დაურღვიოს…
არსებობს თავად დეპრესიის ნაირსახეობანი…
აპათიაც ვერაგი სენია… აპათიით შეპყრობილი ადამიანი ყოველგვარ ინტერესს კარგავს, როგორც პირადი საქმისადმი, ისე გარშემომყოფების მიმართ ემოციური სფერო სრულიად გაუფერულებულია და არამეტყველი სახის ფონზე, ფსიქიკური აქტიურობა მკვეთრადაა დაქვეითებული…
დღევანდელი საზოგადოების სულიერი ჰარმონიის დამთრგუნველ ”ნერვოზზე” ანუ ფსიქოტრამვულ მომენტებთან დაკავშირებულ ნერვული მოქმედების ფუნქციურ მოშლაზე საუბარი შესაძლოა სულაც არ იყოს მოსაწყენი… შესაძლოა რჩევებიც მისცე კეთილ მკითხველს, როგორც მე ამას, რამდენიმე წლის უკან შვეცადე, მაგრამ რეალობამ, რომელმაც მე გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილი დამიტოვა სულ სხვაგვარი იყო; ამ რეალობაში თავისებური ფსიქოზით შეპყრობილი ადამიანთ ჯგუფი გააფთრებული იძახდა: ”დამთავრდა, მწერლობა აღარაა! დამთავრდა, თქვენ აქ არაფრის უფლება არ გაქვთ!!!” ეტყობა ”მწერალთა კავშირი” ჰქონდათ მხედველობაში. და რადგან მათ ჩაუნერგეს, რომ თანამედროვე მწერალი , თუ იგი ტელესივრცეში აკვიატებულ ”ცნობილ სახეებში" არ მოიაზრება, ისე არავითარ ავტორიტეტს არ წარმოდგენს; მას მოქალაქეობრივი უფლებაც არ გააჩნია ამ ქვეყანაში… არც იმის შეხსენებამ გაჭრა, რომ ადამიანი რომელსაც ისინი თავს ესხმოდნენ მათსავით უბინაო იყო და მისი ”მოქალაქის პირადობის მოწობაში” გარკვევით იყო აღნიშნული თბილისი, მისამართის გარეშე…
მე კი, იმ წერილში მკითხველს კეთილად ვურჩევდი:
უმჯობესია ვიცოდეთ, რომ მსგავსი ფსიქოდარღვევების თავიდან აცილების თუ განკურნების მიზნით, ჩვენი ცხოვრების ”ჯანსაღ რიტმში” უნდა აღმოვაჩინოთ, განვავითაროთ და დავხვეწოთ შინაგანი წესრიგი, რის საფუძველზეც შემდგომ და შემდგომ შევიმუშავოთ ფსიქოიმუნიტეტი…
მოვაძლიეროთ ჩვენი ყოფის ”ნათელი პერიოდები”…
მაგრამ არ მგონია იმ დღეს კიბის საფეხურებზე ”გამაგრებულ” ქალბატონებს ამისი სურვილი ან უნარი ჰქონოდათ…
2006 წელით დათარიღებულ ესეში ( ვარიაცია წინათქმის კვალობაზე ”ავტორეფერატი”) ვწერდი: …სასოწარკვეთა შეყროდა მიწას,იდგა გნიასი და რია-რია... აღარ გავაგრძელებ, ამ ბოლო დროს მრავალი განსაცდელი გადაიტანა თითოეულმა ჩვენთაგანმა. ჩემი კომპიუტერის დისკზე ინახება ბავშვების მიერ აღწერილი შფოთ-თარეშის ამბები... ავტორები ძირითადად დევნილები თუ ლტოლვილთა ოჯახების შვილები ან ახლობლები არიან. ზოგი ორი-სამი წლის თუ იქნებოდა, როცა ქართველობის დიდი ნაწილი, თავის მკვიდრ მიწიდან _აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან იქნა გამოძევებული. ზოგიც შემდგომ დაიბადა... ყმაწვილები უმეტესწილად თავისი ახლობლების მონაყოლს ეყრდნობიან, მაგრამ ფაქტებსა და შეფასებებში მათი მძაფრი გულისტკივილი შეიგრძნობა. ახლახან წამოჩიტული თაობის მეხსიერებას, გულსა თუ სისხლს იმ საშინელი დღეებიდან გამოყოლილი დარდი და ტკივილი აწვალებს... (მასალები ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ იქნა შეკრებილი და მე მათი რედაქტირება მთხოვეს). ბავშვების მიერ აღწერილი ფაქტების კითხვისას ჩემდა უნებურად თვალები ამიცრემლიანდა…
ეს წიგნი აფხაზეთის განათლების სამინისტროსა და იმავე არასამთავრობო ორგანიზაციების სპონსორობით ლამაზად გამოიცა და მისი ეგზემპლარები იმ პატარა 8 კვ.მ. ოთახში ელაგა ჩემი და ჩემი მეუღლის წიგნებთან ერთად, რომლის კარიც შეამტვრიეს… და ახლა მწერალთა ასოციაცია ”ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრის” დოკუმენტაციასთან ერთად ერთმანეთში არეული ერთ კუთხეში იყო მიყრილი…
”მწერლობა აღარაა!..”, ჰყვიროდა გაავებული ქალი, თქვენ აქ არაფერი გესაქმებათ, სხვები ბანს აძლევდნენ… იმ შენობის მესამე და მეოთხე სართულებზე ყოველ მათგანს უჭირავს შესაბამისი ფართი, მაგრამ გაფართოებისადმი ლტოლვა თავისას შვრებოდა… ძნელი გასარკვევი გახლდათ იქედან ვინ იყო დევნილი და ვინ უბრალოდ მშობლიურ სოფლიდან საშოვარზე თავის ნებით გადმოხვეწილი… მაგრამ ახლა ისინი ჩვეულებად ქცეული შეჭრის და დაპყრობის ჟინით შეპყრობილნი ამბის გასარკვევად მისულ მე და ჩემს მეუღლეს გვიტევდნენ. ჩვენი უბინაობა სულაც არ აწუხებდათ… მათთვის მთავარი იყო, რომ ”მწერლობა უკვე აღარ იყო…” მე მათ უნებლიეთ ვუპასუხე: ამიტომაც ხართ ამ დღეში, მწერლობას, რომ ასე აბუჩად იგდებთ მეთქი!.. და შევეცადე მათი გამოწვევებს გავრიდებოდი, კიბეზე ჩამოსვლისას მკერდში მწვავე ტკივილი ვიგრძენი… ჩემზე ყველაზე უფრო იმან იმოქმედა, რომ ადამიანები, რომელთა გასაჭირი ხშირად, როგორც ლიტერატორსა და პუბლიცისტს გულთან მიმიტანია, და ”ჩემი კარიერის” სანაცვლოდ მათ გამოვსარჩებლივარ, გაავებულნი ნიშნის მოგებით მიყვიროდნენ ”მორჩა, მწერლობა აღარ არის!..” რა თქმა უნდა, ისინი კარგი ცხოვრებისგან არ იყვნენ ასე გაავებულნი, მაგრმ ჩემს მკერდში მწვავე ტკივილი დღემდე შემორჩა… ეს კი მოჰგავს ”ანქსიეტას პრეკორდიალისს” _ ანუ მძიმე სევდას, მაგრამ მედიცინაში იგი ”მწვავე ინფარქტის” სახელითაცაა ცნობილი… ვის მიმართავ საკუთარი თავის გარდა… ამგვარი ფსიქოზი საიდან მოდის ადვილი მისახვედრია… და მე გულის მოსაოხებლად ისევ ინტერნეტსივრცეს მივმართე:

1999 წ. მაშინდელი ”მწერალთა კავშირის” სამდივნოს მიერ ლიტერატორთა ჯგუფს ლერმონტოვის №18 საზოგადოებრივი საქმიანობისათვის მცირე მოცულობის ოთახების სახით გამოეყო გარკვეული ფართი; საიდანაც ასოციაცია ”ეროვნული ცნობიერების ანალიტიკურ ცენტრს” რომლის დაფუძნების მოთავე მე გახლდით (რეგისტრირებულია კრწანისი-მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999წ. 08 დეკემბრის № 06/9-80 დადგენილებით) ერგო შენობის მეორე სართულზე მდებარე, პატარა ოთახი. …”ანალიტიკური ცენტრი”, როგორც პროფესიული ასოციაცია ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას; აწყობდა შეხვედრებს; ანალიტიკურ კვლევას; შემუშავებული დებულების საფუძველზე პირველ და მეორე ნომინაციაზე შეძლო პრემიის გაცემა; გამოსცემდა ლიტერატურულ-შემეცნებით ჟურნალს; ამჟამად ინტერნეტსივრცეში ინგლისურენოვანი საიტების მეშვეობით ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია ხალხთა დაახლოება ლიტერატურული ურთიერთობების გზით.
რამდენიმე წლის უკან უბინაობის გამო იძულებული გავხდი იმ ოთახში, სადაც ასოციაციის დოკუმენტაცია, ავეჯი და სხვა დამხმარე საგნები იყო განთავსებული, შემენახა ჩემი და ჩემი მეუღლის ავტორობით გამოცემული წიგნები, ჟურნალები, სასტამბო ქაღალდი…
სამიოდე დღის უკან კი, 2009 წლის აგვისტოს თვეში, იმავე შენობის მაცხოვრებელებმა ამ ოთახის კარი ”შეამტვრიეს”. წიგნები, საგნები და ავეჯი ერთმანეთზე ააყირავეს და ასე ვთქვათ ეს მცირე ფართი ”დაიპყრეს”. ჩემს თხოვნაზე დაეცალათ ოთახი აგრესიულად შემომიტიეს და გაჰყვიროდნენ რომ მწერლობა უკვე აღარ არსებობსო, ალბათ ”მწერალთა კავშირი” ჰქონდათ მხედველობაში, არადა ასოციაცია ”ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრი” ზუსტად რომ ”მწერალთა კავშირის” დემოკრატიზაციის მიზნით შეიქმნა; ამის შესახებ პირადად მე არაერთგზის განმიცხადებია საჯაროდ და ჟურნალებსა და ინტერნეტსივრცეში სათანადო წერილებიც მაქვს გამოქვეყნებული. და როცა იქ მყოფთ შევახსენე, რომ ”მწერლობას” რომ თავი დავანებოთ თავად უბინაო გახლავარ, და ამ ნივთების შესანახი ადგილი არ მაქვს მეთქი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაც წარვადგინე ამის დამადასტურებლად, პასუხად მათ კვლავ შემომძახეს, რომ მწერლებს ჩამორთმეული ჰქონდათ იქ ყოფნის უფლება…
მეტი რა მოგახსენოთ; წამქეზებლებს ამგვარი განცხადებთ ვერ გასხეპ...

და ამგვარი ”ოფიციალური ტონის” შემდეგ კვლავ იმ ”გამამხნევებელ სტილში” დაწერილ წერილის შინაარს გავაგრძელებ:
…თავდაპირველად უნდა შეგვეძლოს უშუალოდ და მხურვალედ ლოცვა… გარდა ამისა უნდა ვისწავლოთ სწორი სუნთქვა, ავითვისოთ ფიზიკური ვარჯიშების ციკლი, დავეუფლოთ ჰიდროთერაპიით (აბაზანებით, შხაპებით, ბანაობით…) მკურნალობას… და ა.შ.
ორგანიზმის დაცვის საერთო სისტემაში, მსგავსი მექანიზმი უცილოდ დევს, მაგრამ ხშირად იგი ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება და როცა გონებას სათანადო მიმართულებით არ ვავარჯიშებთ, გვიპყრობს ქაოსი და სრული შესაძლებელია მოძალებულმა დეპრესიამ თუ აპათიამ ისე გაგავაჩანაგოს, რომ ამომავალი მზის ხილვით ერთხელაც ვერ გავიხაროთ…
როგორც ცნობილია ტვინი სიცოცხლის ყველა შემთხვევაში სხვადასხვა აზრს გამოიმუშავებს; ზოგი მათგანი მთელი სიცოცხლის მანძილზე გვახსოვს, ზოგიც ქვეცნობიერში ილაქება და კარგა ხნის შემდეგ უცაბედად გვგახსენებს თავს და ჩვენს ცნობიერებას კრიტიკულ სიტუაციისკენ უბიძგებს, ან პირიქით, კრიტიკულ სიტუაციაში მოხვედრილს შეუსაბამოდ წამოგვიფრინდება იმავ მეხსიერების სარდაფიდან (ქვეცნობიერებიდან) და სიფხიზლეს გვიდუნებს ან პირიქით აგვამჩატებს და აგვაცუნდრუკებს…
ამიტომაც სასურველია შემუშავებული გვქონდეს ფსიქოლოგიური იმუნიტეტი, რომელიც ზოგ პიროვნებას გენეტიკური ნიშნის მიხედვით ადრეული ასაკიდან აქვს განვითარებული, ზოგსაც ქვეცნობიერის შრეებში აქვს მიძინებული, მაგრამ მეხსიერების წვრთნამ ”მიძინებული” შესაძლოა, იმგვარად შეაფხიზლოს, რომ სხვა, წვრთნის გარეშე ”მიძინებულს” მოევლინოს მხსნელად…
ადამიანის შინაგანი სამყაროდან თუ გარესამყაროდან მოვლენილ მხნეობის დამთრგუნველ ავ აზრს, ჩვენ უპირველესად უნდა შევაგებოთ ლოცვა. შემდგომ ამისა მხნეობის, სიცოცხლის სურვილით გაჯერებული აზრთა კოლონა, რომელიც ვითარებისდა მიხედვით შეიძლება მოიცავდეს სულმოკლეობის დაძლევის სწრაფ და უმტკივნეულო მუხტს…
გონში შემოჭრილი სულმოკლეობის ბაცილა დამღუპველია…
ადამიანმა საკუთარი თავი სარკეში და თუნდაც სუფთა წყალში, ზოგჯერ გულდასმით უნდა შეათვალიეროს…
და თუ მოგეჩვენა, რომ შენი სახე, შენვე აღარ გეკუთვნის, თვალები თითქოს დაშრეტილა და სიცარიელეში ჩაძირულა, გაფრთხილდი! შენ ღალატობ საკუთარ თავს, _წარსულს, აწმყოს და მომავალსაც!
მხურვალე ლოცვით სისხლში შემოპარული შხამის განეიტრალებაც შეიძლება…
ფსიქოიმუნური სისტემა მზად უნდა იყოს მის გასანადგურებლად…
როგორც აცრის შედეგად შეიძლება შეიქმნას იმუნიტეტი განსაზღვრული ინფექციური დაავადებებისადმი, ასევე აღსაზრდელმა თუ აღმზრდელმა გარკვეული თვითშთაგონებით შეუძლია საკუთარი ”ფსიქოუძლურება” გაწვრთნას…
შესაძლოა მხატვრული სახეების კალედეისკოპით შევქმნათ ჩვენივე იმუნური სისტემა…
იმუნიტეტი ხომ ორგანიზმის შეუვალობაა შხამის, დასნებოვნების მიმართ. მისი თვისება - არ დაავადდეს ამა თუ იმ გადამდები სნეულებით. ჩვენ უნდა გაგავაჩნდეს სასურველი ცოდნის ბანკი.
”გვახსოვდეს ინტელექტურ გამოცდილებას მეხსიერება ქმნის, ინტელექტურ ინდივიდუალობას კი _ ტვინის მოქმედება”…
ამისთვის სასურველია დავუკვირდეთ და ჩავწვდეთ საკუთარ ხასიათს, ზნე-ჩვევებს, (განსაკუთრებით იმას, თუ ზოგჯერ საით მიგვაქანებს ჟინი, გაუთვითცნობიერებელ სწრაფვაში შემალული ხუშტური), გაავანალიზოთ გარშემყოფთა ბუნება, ზნე-ჩვევები…
უპირველესად კი ვილოცოთ უშუალოდ და გულმხურვალედ…


რომ არ დაბრკოლდეს…

ილოცე ლაღად და შენანებით,
ცხოვრების წესით, სხვათა სიმძიმით,
ილოცე მტრისთვის,
რომ არ დაბრკოლდეს _
და შეიმოსოს სიქველის ნიჭით…

დღეს უამრავი ზის ”დიეტაზე”,
ზოგიც მარხულობს მოწესის შიშით
და სხვათა ხელით ნარის გლეჯაა,
მათი ცხოვრების წესი და რიგი…

ილოცე ისე, თითქოს ლოცვაში,
სიტყვად ჩასახლდი და განსხეულდი…
აჰყევ ვედრებას ციურ სანახში,
წინაპრის ნირზე გამიერთგულდი…
14.09.2002

ოჰ, ეს მოწოდებები, საზოგადოების ერთ ნაწილში გაბატონებული მომხმარებლური ჟინი იმდენად დიდია, რომ…
”განწყობის შეფასების” ნიშნით ჩატარებული კვლევების მიხედვით საქართველოში თურმე მომავლის მიმართ სრული უიმედობაა, რადგან იმ 147 ქვეყნიდან, რომლთა მაცხოვრებლებიც გამოიკითხა, ეს ”ტურფა საქართველო” რომელიღაც აფრიკული ქვეყნის ოდნავ წინ 146-ე ადგილას აღმოჩნდა…მაგრამ ისიც ითქვა, რომ ჩვენ სტაბილურ ვარდნას განვიცდით და ჯერ ფსკერზე არ დავარდნილვართ…. ჰოდა, ახლა მწერალთა პროფესიულ ინტერესების დაცვაზე საუბარი ამგვარ ვარდნაში მყოფ მოქალაქეებს შესაძლოა ახირებად ეჩვენოს, მაგრამ დაცემის შემდეგ უფსკრულიდან ამოსასვლელად რომ გავიბრძოლოთ ჩვენს ფიქრში სამშობლოს ხატება არ უნდა წაიშალოს. მდგომარეობის სავალალოდ ცვლას განწყობა და შემართების ჟინიც თუ შეეწირა, მაშინ ამოსვლის სურვილსაც დავკარგავთ…
დღევანდელ საქართველოში, ბიუროკრატიული აპარატი მიზანდასხულად ცდილობს, ”მწერლობა”, როგორც პროფესია, ”ფუჭ გატაცებად” იქნას მიჩნეული და დაკნინდეს საზოგადოების თვალში…
”ლიტერატურული შრომა” თითქმის აღარ ითვლება პროფესიად, შრომის კოდექსში ამ მხრივ საგანგებო ბუნდოვანებაა…
რა თქმა უნდა, ”ცნობილ სახეებს” და რამდენიმე ხელისუფლებისაგნ ”შესახელებულ ვუნდერკინდებს” საინფორმაციო საშუალებებით კი მოიხსენებენ მწერლებად, მაგრამ თუ ხელისუფლება ვინმეს შესწყრა, მაშინ… შემოქმედთა უმრავლესობა, რომლებიც ”ლიტერატურულ შრომას” მთელი ცხოვრების მანძილზე ეწეოდა და ამაზე მათ მიერ გამოქვეყნებული ნაწარმოებებისა და გამოცემული წიგნების ჩამონათვალიც მეტყველებს, ”სახელმწიფო მოხელის” მიერ იგნორირებულია, როგორც ლიტერატორი ანუ პროფესიოანალი მწერალი…
ჩვეულებრივი ანკეტის შევსებისას, გრაფაში პროფესიის გასწვრივ ცნება ”მწერალი” მიუღებელია; პირიქით, თუ ამგვარი რამ დასცდა შემოქმედს, ირონიულად შეათვალიერებენ… თუ ქალბატონი ბრძანდება; ”დიასახლისობა” განაღდებული აქვს, მამაკაცს კი ”უმუშევრობა”… პოეტობა, პროზაიკოსობა და დარამატურგობა კი არა, ვერც პუბლიცისტობა გიშველის თუ ”ჟურნალისტობით” არ ჩაანაცვლე; ანუ ”ლიტერატურული შრომის” კვალობაზე არ არსებობს პროფესია, როგორც ლიტერატორი ანუ მწერალი, მაშასადამე პრობლემაც არ არის…
არადა, მრავალი ავტორის წიგნის რეალიზაცია, ასე ათიოდე წლის წინათ წარმატებით მიმდინარეობდა; მკითხველში სასიკეთო აჟიოტაჟსაც იწვევდა… ახლა, ჭეშმარიტ მკითხველთა დაბეჩავების და მოზარდებში წერა-კითხვის ცოდნის სავალალო მდგომარეობის გამო, მხატვრული ლიტერატურის მკითხველთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო და ამასთან შესაბამისად წიგნების ტირაჟებმაც… მაგრამ ჭეშმარიტ შემოქმედთა უმრავლესობა არ წყვეტს ლიტერატურულ საქმიანობას. ისე, რომ ჰონორარის მიღების იმედი არა აქვს, გულმოდგინედ აქვეყნებს თავის ნაწარმოებებს ჯერ კიდევ შემორჩენილ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში, ზოგიც ინტერნეტის მეშვეობით ინარჩუნებს ”სააზროვნო სივრცეს”, სამშობლოდან გადახვეწილ ქართველებსაც აწვდის ”ქართულ სიტყვას”. კვლავაც დაუზარებლად ემსახურება ერსა და ქვეყანას.
ბევრ მათგანის, აგერ ახლა, ყაჩაღურად ააცალეს ბანკებისთვის მიბარებული დანაზოგი… ბევრი სამსახურიდანაც დაითხოვეს, ბევრს პენსიაც არ აღირსეს… ასე რომ, თუ ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკის და სხვა თანმდევი პრობლემების გამო ”ლიტერატურული შრომა” სათანადოდ არ ფასდება, ეს იმას როდის ნიშნავს, რომ ეს შრომა საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის ფუჭია…
რას ამბობთო, აგერ, იმ ”სახელოვანს”, აგერ იმ ”ნიჭიერს” მთავრობამ… დიახ ბატონებო, გეთანხმებით, ”ის ერთი”, იქნებ, მართლაც გამორჩეულად ნიჭიერია, მაგრამ ეს არ იძლევა საბაბს, მეორე ნიჭიერის გარიყვისა და მოძულებისა… არ შეიძლება შემოქმედებითი პროცესების რამდენიმე ადამიანზე ”გაპიროვნება”… (თანაც, ნიჭიერზე უფრო, ხშირად ”თვალთმაქცს” უმართლებს...)
”შემოგდებულმა პოლიტიკამ” სკოლებისთვის კლასგარეშე ლიტერატურა უცხო გახადა; თუმც, ”ირმის ნახტომის” სახით მართლაც, რომ სასიკეთო ვებ-გვერდები შეიქმნა ქართველ მწერალთა ბიოგრაფიებისა და შემოქმედების წარმოჩენის მიზნით, მაგრამ ეს უფრო ”სკოლების კომპიუტერიზაციის” მიზნით განხორციელებულ პროგრამებს წაეხმარა…
თავად მოზარდის გონებაში ”უწიგნურობით” წარმოქმნილ სიცარიელეს კი, ”ეშმაკი” ეპატრონება…
"ცივილური" განვითარების ნიშანსვეტებად მიჩნეულ ქვეყნებში, ”ლიტერატურული შრომის” და თავად მხატვრული ლიტერატურის მიმართ, ბევრად სხვაგვარი, ჯანსაღი დამოკიდებულებაა…
არადა, ქართულ მწერლობას განუსაზღვრელი დამსახურება მიუძღვის ეროვნული თვითშეგნების დამკვიდრება-განმტკიცებაში, მსოფლიოს ხალხთა წიაღში შობილ იდეალების პოპულარაციაში და იმ პატრიოტულ, შემეცნებით სიმბოლების ჩამოქნაში, რომლთა სარეკლამო სახით წარმოჩენაში ყველა დროის მთავრობა თავისებურად იყო გაწაფული…
ბატონმა ჯო ბაიდენმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პატივი დაგვდო და ილიას ლექსიდან ორიოდ სტრიქონი ინგლისურად წაიკითხა; როგორც თქვენი პოეტი ამბობდაო, ასე ბრძანა, თუმც ილია ჭავჭავაძე უპირველესად უდიდესი მოაზროვნეა, ქართველთა თვითშეგნების მწვრთნელი, მან მაინც მის პოეტობას გაუსვა ხაზი და არა ”ბანკირობას”, ”იურისტობას” ან სხვა რომელიმე პროფესიას, რომელებსაც იგი ვითარებათა გამო პირნათლად ითავსებდა… და იქნებ მისი ეს ლექსიც კიდევ ერთხელ გავიხსენოთ:

პოეტი
მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო,
ვით ფრინველმა გარეგანმა;
არა მარტო ტკბილ ხმათათვის
გამომგზავნა ქვეყნად ცამა.

მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის,
მიწიერი ზეციერსა;
ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,
რომ წარვუძღვე წინა ერსა.

დიდის ღმერთის საკურთხევლის
მისთვის ღვივის ცეცხლი გულში,
რომ ერისა მოძმედ ვიყო
ჭმუნვასა და სიხარულში;

ერის წყლული მაჩნდეს წყლულად,
მეწოდეს მის ტანჯვით სული,
მის ბედით და უბედობით
დამედაგოს მტკიცე გული...

მაშინ ციდან ნაპარწკალი
თუ აღმიფეთქს გულში ცეცხლსა,
მაშინ ვიმღერ, მხოლოდ მაშინ
მოვსწმენდ ერსაც ტანჯვის ცრემლსა!
23 ივლისსა, 1860.

დღეს, საქართველოში ”მეეზოვის” დღე ალბათ ბევრად უფრო ცნობილია, ვიდრე საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული ”მწერლის დღე” (3 მარტი). სისუფთავე და მეეზოვის შრომა, რა თქმა უნდა, ნამდვილად დასაფასებელია, მაგრამ ტრაგიკულია ის, რომ დღეს საქართველოში წერა-კითხვის ცოდნის მხრივ მოზარდი თაობა გვარიანად მოიკოჭლებს…თუმც ვერც ზოგიერთი პედაგოგი დაიკვეხნის ამ მხრივ… ვიღაცას ძალზე სურს ქართული მწერლობის სიყვარულიც ”გამოგავოს” ამ ქვეყნის მაცხოვრებელთა თავებიდან… ბოლო დროს, თითქოს სამთავრობო სტრუქტურებში, რაღაც მოძრაობა შეინიშნება ”წიგნის გამოცემის” საქმეში, მაგრამ გამჭირვალობა არა და არა…
”მწერლობას რა ”პროფესიონალობა” უნდა?! მიუჯდები კომპიუტერს, გადახედავ კლავიატურის კლავიშებს და წავიდა...” კვლავ დაცინვით ჩაიქირქილებს ჩინოვნიკი; ეტყობა მავანთაგან, მართალაც სათანადო მითითებაა, რადგან უბნის ინსპექტორები კი არა, შემორჩენილი ბიბლიოთეკების მესვეურებიც ვერ აღიქვამენ მწერლის პროფესიულ ინტერესებს…
ბატონებო!.. ეს დისკრიმინაციაა …
ამგვარად, დასაცინად, რომ იქცა მწერლის შრომა და მოღვაწეობა, თავად მწერლობის ერთ ნაწილსაც გვარიანი წილი მიუძღვის, მეტადრე ამგვარ გაუგებრობაში ”კოოპერატიულად ” მოძლიერებულ ე. წ. ”მწერალთა კავშირის” ”პერმანენტულად არჩევად”, ბიუროკრატიას; რომლის ”აქტივმა” გამჭვირვალობის პროცესი ”მწერალთა სახლის” გარშემო ატეხილი აჟიოტაჟით შენიღბა და კავშირის წესდებაც და ქონებაც სათავისოდ მოირგო... ამის შესახებ თავად მე, რამდენიმე წლის უკან მაქვს გამოქვეყნებული წერილები ჟურნალსა და ინტერნეტსივრცეში (”სააზროვნო სივრცის პერიპეტიები…” ხატოვანი მოტივაციები, ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი №1 (3) 2005; ინტ. ...მაგრამ ულექსოდ გადაშენდება... (ნობელის პრემიის ლაურეატი პოეტესა Wislawa Szymborska...)
პირად საუბრებშიც ვცდილობდი სინათლის სხივი შემეტანა ”გულთა კავშირის” მესვეურთა გულებში… მაგრამ ნათქვამია, შეაყარე კედელს ცერცვიო…
ამგვარი სენი ალბათ, სხვა ”ოპოზიციურ” ორგანიზაციებშიცაა ფეხმოკიდებული… და თუ, უპირველესად, თავად ”ოპოზიციურად” განწყობილ საზოგადოებრივ სტრუქტურებში ჩვევად არ ჩამოყალიბდა კოლეგიალურობა და მოსასმენად ასე მოხდენილი ცნება ”გამჭვირვალობა”, ისე არც ჩვენ გვეშველება და არც ქვეყანას…
ჩვენეულმა ”პოლიტიკურმა ამბიციებმა” საზოგადოებრივი ცხოვრებიდან თითქმის გამორიცხა ეროვნული სულისკვეთების ასამაღლებლად გამიზნული მწერლური საქმიანობის სამოღვაწეო სივრცე; ლექსებითა თუ სხვა მხატვრული ნაწარმოებებით განმტკიცებული საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიებები მწერალთა მონაწილეობით… ვეღარც პუბლიცისტის მახვილი კალამი აღწევს მიზანს ძველებურად, რადგან მართალი, ლოგიკურად განვითარებული აზრს სახელისუფლებო წრეები არად დაგიდევენ, თუნდაც იგი ქვეყნისთვის ტრაგიკული საფრთხის განმჭვრეტი იყოს… ამიტომაც, საგაზეთო პოლემიკები ხშირად ”წიწაკაანთ მაგდანას” მსგავს სცენებს გვაგონებენ…
ქართველ მწერალთა უმეტესობა ძველებურად იღწვის და იბრძვის სამშობლო-ქვეყნის საკეთილდღეოდ… აუცილებელია შევიდეს ცვლილებები კანონში ”კულტურის მუშაკთა შესახებ”. და ამის შესახებ მკაფიოდ უნდა აღიმაღლოს ხმა ქართველმა საზოგადოებრიობამ…
ვიცით, არც დავით გურამიშვილი გახლდათ თავის სიცოცხლეში საქვეყნოდ აღიარებული, თანაც სხვებისგან განსხვავებით მგონი მკითხველიც ძალზე ცოტა უნდა ჰყოლოდა… მისი მეუღლე ავალიშვილის ქალი და მირგოროდის ქართულ ახალშენში გაერთიანებული ზოგი ქართველი ალბათ უფრო მის წაკითხულს ისმენდა… არადა, დავით გურამიშვილმა ბევრად მეტი შესძინა სამშობლოს, ვიდრე მაშინდელ საქართველოში ქვეყნის წეწვა-გლეჯით გართულმა მედროვეებმა.
საქართველოს სიყვარულში დაშრეტილ პოეტისთვის ”მართლის თქმა” ღვთისგან ბოძებული სასიცოცხლო მოვალეობა გახლდათ…
რადგან სწამდა: ”ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების”…
”ანქსიეტას პრეკორდიალისი” _მძიმე სევდა, რომელიც შეიგრძნება, როგორც ტკივილი გულმკერდის არეში”… ამ განმარტების მოშველიებით ზოგს შესაძლოა ჩახითხითების მიზეზიც მიეცა, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ ტკივილი, რომელზეც თავისებურად გამამხნევებელი ტექსტების მოშველიებით გიამბეთ დეპრესიისგან და სხვა ამგვარი მიზეზით სრულებით არაა გამოწვეული; გურამიშვილისა არ იყოს სატკივარი გავამხილე, რადგან : ”ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების”…

მხილებას კვლავაც გავაგრძელებ!..
მავნეთ კი, ჩემი განრისხების გარეშეც მოეკითხება...

ილია ჭავჭავაძის და ჯო ბაიდენის ფონზე…

-->
-->

=======

P.S.
ჭირს გასამხელის გამხელა…
მეურვე (მეურვისა) სამართ. ვისიმე მზრუნველად, შემწედ დანიშნული პირი. ობლებს მეურვედ ბიძა დაუნიშნეს. || მმართველი, ზედამხედველი.
მეურვეობა (მეურვეობისა) მეურვის მოვალეობა, _ მზრუნველობა, ზედამხედველობა; დახმარება, შემწეობა.
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი
"მოდაში" შემოსული სამეურვეო საბჭოები კი მომრავლდა, მაგრამ ”გამჭვირვალობას” მაინც არ ეშველა.
არადა, პრესის ფურცლებზე და ინტერნეტში წააწყდები: კულტურის სამინისტროსთან არსებული მწერალთა სამეურვეო საბჭომაგრამ მწერალთა ”პროფესიონალურ ინტერესებს” რა სახით, რა სულისკვეთებით მეურვეობს, ამის შესახებ არაფერია ნათქვამი... და არც მეურვეთა ვინაობაა გამხელილი… ინტერნეტში, სამწუხაროდ მსგავსი რამ ვერ მოვიძიე…


========






Комментариев нет:

Отправить комментарий